ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოწვეული მეცნიერის სტატუსით იმყოფება

BUG – მ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან აკადემიური გაცვლითი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რის ფარგლებშიც, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი ლევან გურგენიძე, პარტნიორ უნივერსიტეტში მოწვეული მეცნიერის სტატუსით იმყოფება.

ლევან გურგენიძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის პოლიტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე იმუშავებს.

 

ვაშინგტონში BUG – ის პროფესორი შეხვდება, როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებს, ისე ამ მიმართულების პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს, რათა გაიზიაროს მათი გამოცდილება და მიიღოს რეკომენდაციები აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბებაზე.

ლევან გურგენიძე შეხვედრას გეგმავს პოლიტიკის მენეჯმენტის დარგის ლიდერთან, ჯერი განსტერთან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს წარმატებულ საარჩევნო კამპანიებს.  ჯერი განსტერი მონაწილეობდა „ბრექსიტის“ კამპანიაში და ხელმძღვანელობდა  Leave-ის კამპანიას. მისი გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია BUG – ის პოლიტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დახვეწის პროცესში. 

ლევან გურგენიძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ერთად ასევე იმუშავებს Leadership Academy in DC-ის პროგრამის შემუშავებაზე, რომლის ფარგლებშიც,  BUG – ის სტუდენტები შეძლებენ ვაშინგტონში ჩასვლას და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექციებსა და სემინარებზე დასწრებას.  Leadership Academy in DC – ის  პროგრამა სტუდენტებს დაეხმარება გაიგონ, თუ რეალურად როგორ მუშაობს დემოკრატია ამერიკაში. 

ლევან გურგენიძე ბრიტანული უნივერსიტეტის შექმნის პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული.  დღეს, ის BUG- ში, საერთაშორისო კოლაბორაციის სამსახურის ხელმძღვანელისა და ასოცირებული პროფესორის პოზიციებს იკავებს.